იტალიური სპორტული გამოცემა RomaPress-ისა და La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომას მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მთავარ სამიზნედ ფროზინონეს ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე შეარჩია.
წყაროს ცნობით, კვერნაძე ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომლის კანდიდატურაც გასპერინიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე კლუბის სპორტულ დირექტორს, ტონი დ’ამიკოს დაუსახელა.
რომაელთა თავკაცი ქართველ გარემარბს ჯერ კიდევ გასულ სეზონში, სერია ბ-ში ასპარეზობისას აკვირდებოდა, უმაღლეს დივიზიონში გადმოსვლის შემდეგ კი კვერნაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის თვისებები, რომლებმაც ჯალოროსის მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო.
La Gazzetta dello Sport-ის შეფასებით, კვერნაძის ტექნიკა, აჩქარება და არაპროგნოზირებადობა გასპერინის პროექტს იდეალურად ერგება. ქართველი შემტევი სრულად აკმაყოფილებს მწვრთნელის მთავარ მოთხოვნას, რომელსაც დედაქალაქურ კლუბში მისვლის დღიდან მარცხენა ფლანგზე მოთამაშე მემარჯვენე შემტევი ნახევარმცველი სჭირდება.
რომაში ტრანსფერის განხორციელებას იანვარშივე გეგმავენ და მოცდას არ აპირებენ. კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ზამთარში ქართველის შეძენა გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე ივნისში, როდესაც წარმატებული თამაშისა და გატანილი გოლების ფონზე მისი სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
სწორედ ამიტომ, ტონი დ’ამიკო მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში აპირებს, სანამ ფროზინონეს ტალანტისთვის ბრძოლაში კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება.