მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა, რაიან შერკიმ, ყოფილი თანაგუნდელისგან უდიდესი აღიარება მიიღო.
ვილიარეალის ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ფრანგი უფრო დიდი ტალანტია, ვიდრე ბარსელონას მარგალიტი ლამინ იამალი. ეს თამამი შედარება Canal+-ის დოკუმენტურ ფილმში გაჟღერდა, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევმა თავის ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა.
მიქაუტაძის თქმით, შერკის უპირატესობა მისი თამაშის მრავალფეროვნებაშია. მიუხედავად იმისა, რომ იამალი სისწრაფითა და დრიბლინგით გამოირჩევა, გიორგი მიიჩნევს, რომ შერკი უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია.
„როდესაც ფეხბურთელი ხარ, გიყვარს ასეთი მოთამაშის ყურება. შერკი იამალზე უკეთესია“, - აღნიშნა ვილიარეალის თავდამსხმელმა, რომელიც შერკისთან ერთად ლიონში თამაშობდა.
ქართველმა ფორვარდმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შერკი ორივე ფეხს იდეალურად ფლობს, რაც მას მცველებისთვის ნამდვილ კოშმარად აქცევს.
შერკი შერკია, ის ორივე ფეხით თამაშობს, იამალს კი ეს ასე არ აქვს, თუნდაც მარჯვენას იყენებდეს. შერკი ორივე ფეხს თანაბრად ფლობს, აქვს ხედვა, გააქვს გოლები, შეუძლია სხვებს გაატანინოს, ასრულებს სტანდარტულებს — მას ყველაფერი შეუძლია
ორივე ფეხბურთელმა ლიონი გასულ წელს დატოვა. მიქაუტაძემ ესპანეთში თავი კარგად დაიმკვიდრა და 36 მატჩში 11 გოლით ვილიარეალს ლა ლიგაში მესამე ადგილის დაკავებაში ეხმარება. რაც შეეხება შერკის, მან პრემიერ ლიგა ნამდვილად ააფეთქა, 27 შეხვედრაში 4 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით ის მანჩესტერ სიტის საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.