საქართველოს ლიგა 3-ის მე-20 ტურის მთავარი მატჩი საგურამოში, ლოკომოტივ თბილისსა და ჩემპიონატის დაუმარცხებელ ლიდერ თბილისი 2025-ს შორის შედგა.
მიხეილ საჯაიასა გოლითა და ნიკა ქოქოსაძის დუბლით, ლოკო 63-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა, თუმცა სტუმრებმა ხასიათი გამოავლინეს და დარჩენილ 27 წუთში გატანილი 3 გოლით, ქულა და დაუმარცხებელი სვლა გადაარჩინეს - გოლები დავით მანჯგალაძის, ალექსანდრე აბულაძისა და გურამ ლუკავას (პენალტით) ანგარიშზეა.
შესაბამისად, უშუალოდ ლიგა 3-ის ეგიდით, თბილისი 2025-ის წაუგებელი სვლა უკვე 21-მატჩიანია (1 გასულ სეზონში) - 15 მოგება, 6 ფრე.
ჩემპიონატში 4-თვიანი და 11-ტურიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ლოკომოტივსაც, რომელმაც ბოლოს 3 მაისს, მერანი თბილისთან წააგო - 6 მოგება, 5 ფრე. გუნდი მომდევნო ტურში, 9 სექტემბერს, მე-8 ადგილოსან (თავად მეათეზეა) ვიტ ჯორჯიას ესტუმრება.
აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით, თბილისი 2025-ს 48 ქულა მოუგროვდა და ლიდერობას ინარჩუნებს, ოღონდ, გურია ლანჩხუთს 3 ქულითღა უსწრებს. მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, მე-3 ადგილოსან იბერია 1999 2-ს უმასპინძლებენ.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ მიიღებს, მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს კი მისი მოპოვების შანსი პლეი-ოფით ექნებათ.
ფოტო: თბილისი 2025
გურიას დიდი ნაბიჯი - ლიგა 3-ში ლიდერობისთვის ბრძოლა მაგრად იძაბება