მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართულ ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ლუკა ომანაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
-60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო, 1/2 ფინალში აზერბაიჯანელ აიხან მირზაზადასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
20 წლის ომანაძემ ისრაელელ ბენ ტამარას აჯობა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ -66 კგ. წონით კატეგორიაში 18 წლის მერაბ სამადაშვილმა და 20 წლის საბა საბაშვილმა 1/2 ფინალში გააღწიეს, თუმცა, სამწუხაროდ, ორივე მედლის გარეშე დარჩა.
საქართველოს ნაკრებს პოდგორიცაში კიდევ 6 სპორტსმენი წარმოადგენს - თორნიკე ვახტანგაძე (-81 კგ.), ლუკა თევდორაძე (-90 კგ.), ირაკლი ქავთარაშვილი (-90 კგ.), გიორგი ბენდელიანი (-100 კგ.), გიორგი გელაშვილი (-100 კგ.) და გიორგი ქარჩაიძე (+100 კგ.).
რაც შეეხება ქალთა ბადეს, თამარ გიგოლაევმა (-48 კგ.), ნინო თათრიშვილმა (-52 კგ.) და ნინო ხარაიშვილმა (-57 კგ.) გამოსვლა უკვე დაასრულეს, ხოლო მარიამ ნათელაური (-63 კგ.), ნანა გულბანი (-63 კგ.), ლიზი ქვარცხავა (-70 კგ.), ნინი ძაგანია (-78 კგ.), ელენე კურდღელია (-78 კგ.) და ნონა კვარაცხელია (+78 კგ.) ტატამზე ხვალ და ზეგ გავლენ.