უეფას ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩი შტუტგარტში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ესპანელებმა პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თანაც სამწუთიან მონაკვეთში.
22-ე წუთზე ანგარიში ნიკო უილიამსმა გახსნა, 25-ე წუთზე კი სხაობა ორ ბურთამდე მიკელ მერინომ გაზარდა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა მიკელ ოიარსაბალმა მიითვალა. ტაიმის ბოლოს ფურია როხამ მე-3 გოლიც გაიტანა, თუმცა დინ ჰაუსენის ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
მეორე ტაიმის სტარტზე დე ლა ფუენტეს შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, ამჯერად ერთწუთიან მონაკვეთში და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
54-ე წუთზე პენალტი ზუსტად ლამინ იამალმა შეასრულა, 55-ე წუთზე კი პედრიმ 4-0 დააფიქსირა ტაბლოზე. 59-ე წუთზე პენალტი უკვე ესპანელთა საჯარიმოში დაიდო, რომელიც ზუსტად კილიან მბაპემ შეასრულა.
67-ე წუთზე ლამინ იამალმა დუბლი შეასრულა და ფურია როხას უპირატესობა კვლავ ოთხბურთიანი გახდა, თუმცა ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მაინც შეძლეს.
79-ე წუთზე ერთი ბურთი დებიუტანტმა რაიან შერკიმ ლამაზი დარტყმით გაქვითა, რომელიც თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. 84-ე წუთზე სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა, საჯარიმოში მალო გუსტოს გამჭოლი პასის შემდეგ დანიელ ვივიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
კომპენსირებულ დროში კი ფრანგების იმედები კიდევ უფრო რანდალ კოლო მუანიმ გააღვიძა, რომელმაც შერკის საგოლე პასის შემდეგ ანგარიში 5-4 გახადა, თუმცა დეშამის გუნდს დრო აღარ ეყო და ესპანეთმა 5-4 იმარჯვა.
დე ლა ფუენტეს გუნდი ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ გერმანიას მოუგო 2-1.
მე-3 ადგილისთვის თამაშში სწორედ გერმანია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩები 8 ივნისს გაიმართება.