ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კვირას ასტონ ვილასთან გასამართი პრემიერ ლიგის დასკვნითი მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტს, სავარაუდოდ, დატოვებს.
55 წლის კატალონიელი სპეციალისტი ეტიჰადზე გატარებულ 10-წლიან ჯადოსნურ ეპოქას ასრულებს, რომლის განმავლობაშიც გუნდთან ერთად 20 ტიტული მოიგო, მათ შორის 6 პრემიერ ლიგის ოქრო (აქედან ზედიზედ 4 რეკორდული ჩემპიონობა) და კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი.
Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კლუბმა წამყვანი სპონსორების გაფრთხილება უკვე დაიწყო. ოფიციალური განცხადება კვირას, მატჩის დასრულებისთანავე გაკეთდება, ხოლო ორშაბათს, მანჩესტერის ქუჩებში დაგეგმილია გრანდიოზული საჩემპიონო და გამოსამშვიდობებელი აღლუმი ღია ავტობუსით.
მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას კონტრაქტამდე კიდევ 1 წელი რჩებოდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი მისია ინგლისში შესრულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მან კლუბის სტრუქტურაში სხვა რომელიმე თანამდებობა დაიკავოს. სიტის ხელმძღვანელობა მის შემცვლელად უკვე ორ მთავარ კანდიდატს განიხილავს: ჩელსის ყოფილ თავკაცს, ენცო მარესკას და მიუნხენის ბაიერნის ამჟამინდელ მწვრთნელს, ვინსენტ კომპანის.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს გვარდიოლამ ჩელსის (1:0) ინგლისის თასი მოუგო, ხოლო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში კვლავ დაძაბულად ეჯიბრება ლონდონის არსენალს.