არსენალი ორშაბათ საღამოს ემირეითს სტადიონზე უკვე გავარდნილ ბარნლის უმასპინძლებს და პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტულთან კიდევ უფრო მიახლოებას შეეცდება.
მიკელ არტეტას გუნდი მანჩესტერ სიტის ორი ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში ბოლო 22 წლის განმავლობაში პირველ ჩემპიონობას საგრძნობლად მიუახლოვდება.
ლონდონელები შესანიშნავ ფორმაში არიან და ბოლო სამი მატჩი ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაუშვიათ. გარდა ამისა, არსენალს პრემიერ ლიგის ისტორიაში იმ გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც გავარდნა უკვე განაღდებული ჰქონდათ, ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს და ყველა, ათივე შეხვედრა მოგებული აქვს, ხოლო საკუთარ მოედანზე ლიგაში ახლადგადმოსულ გუნდებთან უკვე 44 მატჩია არ დამარცხებულა.
ბარნლიმ, რომელსაც დროებითი მწვრთნელი მაიკ ჯექსონი ხელმძღვანელობს, ბოლო ტურებში ასტონ ვილასთან ფრე ითამაშა, თუმცა ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ძალიან ცუდ ფორმაშია.
არსენალს ტრავმის გამო ბენ უაითი დააკლდება, რომლისთვისაც სეზონი დასრულდა, თუმცა ძირითად შემადგენლობას კაპიტანი მარტინ ოდეგორი უბრუნდება. სტუმრების რიგებში კი ჰანიბალ მეჟბრის თამაშია საეჭვო.