მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემით გახსნა - სტუმრებმა უსწრაფესად შეუტიეს ლონდონელებს და საწადელსაც მიაღწიეს.
დამეთანხმებით, ასეთი სტარტი რომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო, პირველმა ტაიმმა ნათლად აჩვენა. პარიზელებს სხვაობის გაზრდა რამდენიმეჯერ შეეძლოთ, თუმცა ყველაზე გამორჩეულ მომენტში არამხოლოდ სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩის სასტვენი, VAR-ის ოთახიც დადუმდა.
მაინც მგონია, რომ ანგარიში ნულოვანი რომ ყოფილიყო, თერთმეტმეტრიანის დანიშვნა უფრო რეალური იქნებოდა. საერთოდაც, ხვიჩასთან საპენალტე ორთაბრძოლაში მყოფი იურიენ ტიმბერი, რომელიც გვარს ამართლებდა და ჩვენებურს ტყიურივით ეჯიკავებოდა, არაერთ ეპიზოდში დაინდო არბიტრმა ყვითლებისგან.

არსენალმა ტაიმის მიწურულს მოახერხა ზარბაზნებისთვის მტვერი მოეცილებინათ, მაგრამ პირველი ტაიმი ნამდვილად სტუმრების იყო.
მეორე ნახევარი პირიქით დაიწყო - არტეტას გუნდმა თამამად შეუტია, პრესინგიც გააძლიერა და მთელი რიგი ეპიზოდები რომ არ განვიხილო, ობიექტურად ვიტყვი, რომ საერთო ჯამში ლონდონელები გოლს ნამდვილად იმსახურებდნენ (აქ ჯიჯო აუცილებლად უნდა ვახსენოთ), მაგრამ ისიც ხაზგასასმელია, რომ საპასუხოდაც გადაურჩნენ აშკარა გოლებს (ბარკოლას და რამოშის რეალური მომენტები). შინ ორბურთიანი სხვაობით მარცხი კი, დიდი ალბათობით, არსენალის სანუკვარ ოცნებას დაასამარებდა.

ისტორიული შედეგით გახარებული ლუის ენრიკეს ბიჭები ერთი კვირის თავზე შინ კარგ განწყობაზე დაუხვდებიან ლონდონელებს, მაგრამ გადაწყვეტილი ნამდვილად არაფერია და შესაძლოა, ამ დაპირისპირებამ პსჟ-ლივერპულის ორმატჩიანი ჯახი გაგვახსენოს - არაა გამორიცხული იგივე სცენარი პირიქით გაუმეორდეთ პარიზელებს - არსენალს ხომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და პარკ დე პრენსზე თავის არსენალს სრულად გამოიყენებს, დანაკლის თომას პარტისაც და ალბათ - ლანდებად ქცეულ რაისსა და ოდეგორსაც.
VIDEO: კვარას ასისტი - პსჟ ლონდონიდან მინიმალური უპირატესობით ბრუნდება
ბარსა-ინტერის პირველი დაპირისპირება იმ კატეგორიიდანაა, ვინც ნახა ყოველთვის რომ ემახსოვრება და არასოდეს დაივიწყებს.
ბევრი იტყვის, რომ სტუმრების ყოველ ჯერზე დაწინაურება თითქოს კონტექსტში არ ჯდებოდა და კატალონიელებმაც ამიტომ გათანაბრეს სწრაფად ორივე შემთხვევაში, თუმცა ბარსელონა რომ მიმდინარე სეზონში ბევრ გოლს უშვებს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე - ლა ლიგაში, ეს ყველასათვის ნათელია.
მცირე ხნის წინ ლამინ იამალმა ძველი ბრაზილიური მოწოდებაც ამაყად გაიმეორა - არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე რამდენს გაგვიტანს, ჩვენ უფრო მეტს გავუტანთო...
ჰანზი ფლიკის გუნდის სუპერშემტევები ჯერ-ჯერობით ამართლებენ, იტანენ გოლებს და მათი შეჩერება დიდი თავსატეხია მოწინააღმდეგეებისთვის, მაგრამ საინტერესოა, როგორ იმუშავებს ბარსელონას აგრესიული წინა ხაზის კვალდაკვალ მისივე კარის დაცვის სისტემა მილანში.
თავის მხრივ, სიმონე ინძაგის რომ კატალონიელთა თავდასხმა გვარიანად აშინებს, ესეც ფაქტია - ინტერნაციონალეს თავკაცმა თინეიჯერი იამალი შეაქო და მას უწოდა „ფეხბურთელი, რომელიც 50 წელიწადში ერთხელ იბადება“.

ასეა თუ ისე, პირწმინდად ჩაგდებული ბოლო თამაშების შემდეგ ინტერმა ევროპას თავი შეახსენა და ხასიათი სულ მცირე ერთი კვირით მაინც გამოისწორა.
შავ-ლურჯებმა უნდა დაამტკიცონ, რომ წელს ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდია, რომ მათი ჩამოწერა ჯერ ადრეა და ფინალში გასასვლელად შინ უნდა სძლიონ კატალონიურ გრანდს, რომელსაც გამარჯვება ძირითად დროში სურს.
VIDEO: წლის მატჩი და ფრე მონტჟუიკზე - ყველაფერი მილანში გადაწყდება