ჰაკან ჩალჰანოღლუმ დაადასტურა, რომ ინტერში რჩება.
„ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ. რთული შვებულება გამომივიდა, კლუბთან მუდმივ კავშირზე ვიყავი, სამზადისი სრულად გავიარე და დიდებულ ფორმაში დავბრუნდი. მიხარია დაბრუნება - ინტერი მენატრებოდა და ახლა მზად ვარ.
ჭორები? მსგავსი რამ ყოველ წელს ხდება, მაგრამ ამჯერად ბევრად მეტი იყო. არაფერი მითქვამს, აქ დაბრუნებას ველოდი, რათა ჩემი სათქმელი მეთქვა, მათ შორის ქომაგებისთვისაც. ინტერში ბედნიერი ვარ და სულ ვამბობდი, რომ აქ დარჩენა მინდა.
კონტრაქტის გახანგრძლივება? არ ვიცი, ვნახოთ. შევხედოთ, როგორ განვითარდება მომავალი წლები, მაგრამ ჩემი მიზანი აქ ტიტულების მოგებაა.
ლაუტარო? მას ველაპარაკე, პროფესიონალები ვართ და ყველაფერი მოვაგვარეთ. როცა კაპიტანი დაბრუნდება, ჩავეხუტებით და ეგ იქნება. ახლა ის ისვენებს და ეს სწორიც არის. გონება გადატვირთული გვქონდა, ახლა კი ყველაფერი ლაგდება." - აღნიშნა თურქმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ საკლუბო მუნდიალის 1/8 ფინალის შემდეგ, რომელშიც ინტერი ფლუმინენსესთან 0:2 დამარცხდა, ლაუტარომ ხმამაღლა თქვა: "მკაფიო გზავნილი მაქვს: "ვისაც დარჩენა გინდათ, დარჩით! ვისაც არა - წადით."
ინტერის პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ მაშინვე ივარაუდა, რომ ლაუტარომ ჩალჰანოღლუს მიმართა, რომელმაც ტუნრნირი ტრავმის გამო გამოტოვა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში გუნდთან ერთად იმყოფებოდა. თურქმა ნახევარმცველმა არგენტინელს სოციალურ ქსელში უპასუხა:
„ეს სიტყვები გვაშორებს და არა გვაერთიანებს. პატივისცემა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის. არასდროს არ მითქვამს, რომ ინტერში ყოფნა არ მინდა."