ჰინ-მინსონი პირველი სამხრეთ კორეელი კაპიტანია, რომელმაც ევროთასი შემართა. გამორჩეული უნარებისა და თვისებების მქონე აზიელი ფეხბურთის ვარსკვლავი დამსახურებულად შეწვდა პრესტიჟულ ტიტულს, რომლისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

მოედანზე სონის სათამაშო სტილის აღწერის თუ ანალიზისას პირველ რიგში მისი სისწრაფე და სიზუსტე გვახსენდება, რამაც იგი საბოლოოდ აქცია საუკეთესო აზიელ ფეხბურთელად.
1992 წლის 8 ივლისს, პატარა ქალაქ ჩჰუნჩჰონში დაბადებულმა ბიჭმა ფეხბურთისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში აღმოაჩინა. სხვადასხვა ბავშვთა და ახალგაზრდულ კლუბში თამაშის შემდეგ მისი ნიჭი და პოტენციალი ყველასათვის აშკარა იყო, ჰამბურგის ახალგაზრდულმა გუნდმა კი მას გერმანიისთვის დამახასიათებელი დისციპლინა და შრომისუნარიანობა შესძინა. გერმანიაში 2010 წელს, დებიუტშივე გაიბრწყინა და ფეხბურთის ქომაგებმაც დაინახეს, რომ ახალ აზიურ ფენომენთან ჰქონდათ საქმე.
შემდეგ იყო ორი სეზონი ლევერკუზენის ბაიერში და „ფარმაცევტებთან“ ერთად ზედიზედ ორ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, რითიც ჰინ-მინ სონის კარიერაში ახალი ფურცელი გადაიშალა.
2015 წლის აგვისტოში სონის ტოტენჰემში ტრანსფერი კარიერაში გარდამტეხი მომენტი გამოდგა.მისი ასპარეზობა ინგლისის პრემიერ ლიგასა თუ ევროსარბიელზე კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, რასაც უამრავი პირადი ჯილდო მოყვა: პრემიერ ლიგის ბომბარდირობა, ასოციაციის თასის ბომბარდირობა, თვის საუკეთესო გოლები, პუშკაშის ჯილდო წლის საუკეთესო გოლისთვის, ბი-ბი-სის ჯილდო სეზონის საუკეთესო გოლისთვის, აზიის კონფედერაციის არაერთი ჯილდო, ტოტენჰემის რიგებში წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლების რვა ჯილდო და კიდევ სხვა ბევრი პირადი ტიტული.
ამ დაფასებულმა თამაშმა და გუნდისადმი დიდმა წვლილმა 2023 წელს, უგო ლორისის წასვლის შემდეგ, ჰინ-მინ სონს „დეზების“ კაპიტნობა არგუნა, მაგრამ მას დღემდე აკლდა მთავარი - გუნდური ჯილდო და ტიტული, რომელიც მისთვისაც და მისი ლონდონური კლუბისთვისაც დიდი ხნის ოცნებად იყო ქცეული. აზიელმა ფენომენმა ეს დანაკლისიც შეივსო და როგორც მან ევროპა ლიგის ფინალის დასრულებისთანავე თქვა, ახლა უკვე თვლის საკუთარ თავს ლეგენდად.

დღეს იმის თქმა, რომ ჰინ-მინ სონი ყველა დროის საუკეთესო აზიელია, ვისაც ოდესმე ტყავის ბურთი გაუგორებია, ეჭვს აღარ იწვევს.
სონი ჯერ მხოლოდ 33 წლისაა, წინ კიდევ აქვს წლები, არაერთი სეზონი და ალბათ - სხვა გუნდური ტიტულებიც. სწრაფი აზროვნების მქონე ფეხმარდი კორეელის სათამაშო თვისებები და მისი ტექნიკური არსენალი საშუალებას გვაძლევს, საამისო იმედი ვიქონიოთ. ის ხომ ტიპური აზიელია: დისციპლინირებული, ინტელექტუალი და გამრჯე.
ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი კიდევ აჩუქებს ლამაზ გოლებს ერთგულ გულშემატკივარს ალბიონზე, ევროპაში თუ სანაკრებო ასპარეზზე, კიდევ ბევრ თანაგუნდელის ასისტს დააფინიშებს ერთი შეხებით, სხარტად შეიცვლის სათამაშო ფლანგს, ბარნლის მთელ გუნდს გაცდება, პოკერს შეუსრულებს თუ 13 წუთში ჰეთ-თრიქს პრემიერ ლიგურ გუნდებს, ოლდ ტრაფორდზე იზეიმებს 6:1-ს, მექსიკის კარში გაისვრის შორიდან და არადომინანტი ფეხით გაიტანს ურთულესი სიტუაციიდან...
