მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და გახდა მე-5 მოთამაშე პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო მინიმუმ 2-ჯერ მოიგო.
სალაჰი, რომელმაც პირველად ეს წოდება 2017/18 სეზონში დაიმსახურა, შეუერთდა ტიერი ანრის, კრიშტიანუ რონალდუს, ნემანია ვიდიჩსა და კევინ დე ბრუინს.
ეგვიპტელს ასევე შეუძლია გახდეს პირველი მოთამაშე პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელიც ოქროს ბუცს (ბომბარდირი), ოქროს პლეიმეიკერისა (საუკეთესო ასისტენტი) და სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ერთ სეზონში მოიგებს.
სალაჰის ანგარიშზე ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ 28 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა, პრემიერ ლიგის 38-მატჩიან სეზონში კი 46 გოლში მონაწილეობა აქამდე არავის მიუღია.
ლივერპულის შემტევს წლის ფეხბურთელის ჯილდო საფეხბურთო მწერალთა ასოციაციამაც (FWA) გადასცა.