1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ კვირაში იბერია 1999 ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, 18-წლამდე მორაგბეები სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, კვარას პსჟ მწვანე მინდორს პირველად დაუბრუნდება - დღევანდელ ბლოგში ამ კვირის ამ და კიდევ არაერთ საინტერესო ქართულ სპორტულ მოვლენაზე მოგიყვებით.
ლარნე - იბერია
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვან ბრატისლავასთან გამოვარდნის შემდეგ, იბერია 1999-მა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი სამშაბათს, 4 აგვისტოს ქალაქ ლარნეში, ინვერ პარკზე გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს. ჩრდილოირლანდიური კლუბის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში თბილისური კლუბი კონფერენც ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გაინაღდებს და გახდება პირველი ქართული კლუბი, რომელიც 2004 წლის შემდეგ ევროტურნირების ფინალურ ტეაპზე იასპარეზებს - 22 წლის წინ ეს ქართული გუნდებიდან პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად თბილისის დინამომ შეძლო. მაშინ გია გეგუჩაძის გუნდმა უეფას თასზე იასპარეზა.
უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ თბილისურმა კლუბმა 24 წლის მარჯვენა მცველი, სებასტიან ფიგუერედო დაიმატა - ურუგვაელი იბერია 1999-ს ესპანური ლეგანესიდან 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა.
განმეორებითი მატჩი 11 აგვისტოს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება - ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.
ფოტო © - იბერია 1999.
ინგლისი - საქართველო
საქართველოს 18-წლამდელთა რაგბის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს. სერიაში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას: სამხრეთ აფრიკა ორი გუნდით, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი და საქართველო. გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ მატჩს 7 აგვისტოს, ჩვენი დროით 15:30 საათზე ინგლისთან გამართავენ, 11 აგვისტოს 13:30 საათზე სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან, ხოლო 15 აგვისტოს 15:30 საათზე ირლანდიას შეერკინებიან.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
ფოტო © - საქართველოს რაგბი.
საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ჩვენი გუნდი ტურნეზე გუშინ გაემგზავრა, მანამდე კი მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე ორკვირიანი დასკვნითი შეკრება გამართა.
გიორგი ნემსაძე: „მოთამაშეებზე დაკვირვებისთვის საკმარისი დრო გვქონდა. გაზაფხულზე ექვსი ერის ძალიან კარგი ფესტივალი ვითამაშეთ და სელექციის ძირითადი ეტაპი იქ გავიარეთ. მისი დასრულების შემდეგ, ვაგრძელებდით ვარჯიშებს და მოთამაშეებზე დაკვირვებას. დაგვემთხვა ეროვნული გამოცდები, რაც სპორტული კუთხით ხელისშემშლელი პირობა იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ მოთამაშეები ამ პერიოდშიც კონდიციაში გვყოლოდა. კვირაში ორ-სამ ვარჯიშს ვატარებდით, ბოლო ორი კვირა კი მარტყოფის ბაზაზე გავატარეთ.
ვფიქრობ, ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ. გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც სამხრეთ აფრიკაში შარშანაც ითამაშეს. კარგად ვიცით სად მივდივართ და რა გვინდა გავაკეთოთ ამ ტურნირზე.“
მათე ბერუაშვილი (კაპიტანი): „მოსამზადებელმა პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით მარტყოფის სარაგბო ბაზაზე, სადაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა მიგვეღწია ჩვენი დღევანდელი ფორმისთვის. ეს ორი კვირა დაეთმო როგორც ტექნიკურ, ასევე სისტემურ განვითარებას. ამ ასაკში სამხრეთ აფრიკის ტურნე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია.“
მალიორკა - პსჟ; მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ.
ლუის ენრიკეს გუნდი ორთვიანი პაუზის შემდეგ მწვანე მინდორს უბრუნდება. ფრანგული გრანდი უკვე ერთი კვირაა წინასასეზონო შეკრებას გადის და პირველი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს ესპანურ მალიორკას დაუპირისპირდება - მატჩი 22:00-ზე მალიორკაში ესტადიო სონ მოიზე გაიმართება.
კვირის ბოლოს ფრანგული კლუბი შვედეთს ეწვევა, სადაც გეტებორგში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება - პრესეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი შაბათს, 8 აგვისტოს 19:00-ზე გაიმართება.
უდინეზე - ბარსელონა
შაბათს, 8 აგვისტოს გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის უდინეზე ფრიული-ვენეცია-ჯულიას თასს უმასპინძელს, რომლის ფარგლებშიც უდინეს ბარსელონა და ნოტინგემ ფორესტი ეწვევიან.
გათამაშების ფორმატი სამგუნდიან მინი ტურნირს გულისმობს, რომლის ფარგლებშიც გუნდები ერთმანეთს 45-წუთიანი მატჩების სახით ეთამაშებიან. მინი-ტურნირი სტარტს 22:00 საათზე აიღებს - პირველ მატჩში ქართველების გუნდი ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდება, რასაც ბარსელონასა და ინგლისური გუნდის მატჩი მოჰყვება - საღამო უდინეზესა და კატალონიური გრანდის მატჩით დაიხურება.
თუ 45 წუთის შემდეგ ანგარიში თანაბარი იქნება, გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდება. მოგებული გუნდი 2 ქულას მიიღებს, ხოლო წაგებული - 1-ს. ძირითად დროში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდს, სტანდარტული საფეხბურთო წესების მიხედვით, 3 ქულა ერიცხება.
გოგლიჩიძემ იტალიური კლუბის ბოლო მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო იქნება თუ არა მატჩებისთვის მზად გიორგი ჩაკვეტაძე ჯერჯერობით უცნობია.
დღეს, 3 აგვისტოს ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი უკრაინის პრემიერ ლიგის პირველ ტურში კუდრივკას დაუპირისპირდება - მატჩი სტარტს 19:00-ზე აიღებს.
ორი მატჩის ჯამში შოტლანდიური ჰართსის განადგურების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფენერბაჰჩეს შეხვდება - პირველი მატჩი ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, სტამბოლში 22:00-ზე გაიმართება.
7 აგვისტოს ლუკა ლოჩოშვილის კიოლნი რეალ სოსიედადს დაუპირისპირდება - მატჩი სტარტს 20:00-ზე აიღებს.
8 აგვისტოს გამართავს მორიგ ამხანაგურ მატჩს გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი - შაბათს ესპანური კლუბი სტამბოლში გალათასარაის დაუპირისპირდება - მატჩი სტარტს 22:00-ზე აიღებს.
ლიგა 2-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი სოშოს დაუპირისპირდება - მატჩი შაბათს, 8 აგვისტოს 22:45-ზე გაიმართება.
ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი ოსნაბრუკს დაუპირისპირდება - მატჩი შაბათს, 8 აგვისტოს 15:00-ზე გაიმართება.
9 აგვისტოს გიორგი მამარდაშვილის ლივერპული მონაკოს შეხვდება - მატჩი სტარტს 17:30-ზე აიღებს.
კვირას, 9 აგვისტოს გიორგი კვერნაძის ფროზინონე ლაციოს დაუპირისპირდება - ამხანაგური მატჩი 22:45-ზე გაიმართება.
2 აგვისტოს თელავში 18-წლამდე ხელბურთელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. გათამაშებაში 6 ნაკრები მონაწილეობს - ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, კოსოვო და საქართველო. საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრები ანგარიშით 31-24 დაამარცხა.
დღეს, 3 აგვისტოს, 18:15-ზე საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელ ჭაბუკთა გუნდი ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფოტო © - საქართველოს ხელბურთის ფედერაცია.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

