იბერია 1999-მა გუშინ კონფერენს ლიგის სადებიუტო მატჩი გამართა.
უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში იბერია 1999 სტუმრად ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან 0:2 დამარცხდა. თამაშის ციფრობრივი მონაცემები მოედანზე შექმნილ სურათს ასახავს. მასპინძლებმა მატჩის თითქმის ყველა კომპონენტში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს.
სტატისტიკის მიხედვით, სინტ-ტრუიდენის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელმა (xG) 1.73 შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისური კლუბის 0.15 იყო (ღია თამაშიდან – 0.11, სტანდარტულებიდან – 0.04). ბელგიელებმა კარისკენ სულ 20-ჯერ დარტყეს, საიდანაც 5 დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო იბერია 1999-მა 90 წუთის განმავლობაში კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და მხოლოდ 1 ზუსტი მცდელობა დააფიქსირა.
ამასთან, მასპინძლებმა 2 რეალური საგოლე შანსი შექმნეს, სტუმრებს კი ასეთი მომენტი არ ჰქონიათ.
მატჩის კონტროლი და პასების დინამიკა ასევე სენტ-ტრუიდენის მხარეს იყო. ბელგიელები ბურთს დროის 58% აკონტროლებდნენ (42%-ის წინააღმდეგ) და 571 ზუსტი გადაცემა შეასრულეს (90%-იანი სიზუსტე). შედარებისთვის, ქართულმა კლუბმა 394 ზუსტი პასი გააკეთა (82%).
ნიშანდობლივია, რომ იბერია 1999-ის გადაცემების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ნახევარზე განხორციელდა (369 პასი უკანა ზონაში და მხოლოდ 111 - შეტევით ზონაში), მაშინ როდესაც ბელგიელებმა შეტევის მიმართულებით 432 ზუსტი პასი გააკეთეს.
ორთაბრძოლებში (54/46) და კუთხურებშიც (4:0) ბელგიურმა კლუბმა აჯობა მეტოქეს. იბერია 1999-ის მეკარეს რამდენჯერმე მოუწია საქმეში ჩართვა და 3 მოგერიება დააგროვა, თუმცა შეხვედრის საბოლოო ანგარიში ბელგიელთა სრულ სათამაშო უპირატესობას ლოგიკურად ასახავს.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999 კონფერენს ლიგის მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, შვედური მიალბის წინააღმდეგ სახლში გამართავს!
ისტორიული შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს ოფიციალურად დაიწყო და მათი შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.