საფეხბურთო კლუბ იბერიას პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბის ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე, მომავალ გეგმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კლუბის საკუთარი ბაზისა და სტადიონის არარსებობა ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი, თუმცა ამას თავისი ობიექტური და პრინციპული მიზეზები ჰქონდა.
კლუბმა მკაცრად დაიცვა ბენდელას ტერიტორია და უარი თქვა მის კომერციული მიზნებით გამოყენებაზე, მიუხედავად მილიონიანი ცდუნებებისა, რათა საბურთალოზე არსებული ორი ჰექტარი მიწა ბავშვებისა და ფეხბურთისთვის შეენარჩუნებინა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა:
ის სადაც არის ბენდელა განთავსებული საბურთალოზე, ორი ჰექტარი მიწაა. კომერციული დანიშნულება არ მივეცით და შევზღუდეთ და ეგ ადგილი ბავშვებს შევუნარჩუნეთ.
მოგვიანებით, რუსთავში გადასვლის მცდელობაც სწორედ სალიცენზიო რეგულაციების გამო შეფერხდა, რადგან ლოკაციის შეცვლამ გუნდს უეფას ტურნირებზე ასპარეზობის უფლება შეუზღუდა.
ვითარება არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მთავრობის გრძელვადიანი საიჯარო პროგრამის ფარგლებში კლუბს დიღომში ტერიტორია გამოეყო. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, იქ უკვე დაწყებულია მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები:
იქნება ხუთმინდვრიანი, ერთი იქნება სათამაშო სტადიონი, რომელიც 4000-დან 5000 მაყურებლამდე იქნება... ორი წლის თავზე ვფიქრობთ, რომ უკვე ეს სტადიონი მზად იქნება და თბილისს კიდევ ერთი დიდი არენა შეემატება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კლუბი საკუთარ ბაზასა და სტადიონს 100%-ით კერძო ინვესტიციებით ააშენებს.