საფეხბურთო კლუბ იბერიას პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბში მწვრთნელების ცვლილებებთან დაკავშირებულ დეტალებსა და გუნდის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბისთვის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია, მწვრთნელის პროფესია ბუნებრივად მაღალი რისკის შემცველია და ზოგჯერ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭირო.
კლუბის პრეზიდენტმა განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა გუგა ნერგაძე, რომელიც კლუბის აკადემიაში გაიზარდა და გუნდთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.
ხეჩიკაშვილის თქმით, მასთან დაშორება განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რადგან მათ არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ახლო ურთიერთობაც აკავშირებთ.
გუგაზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ დღესაც სიყვარული და პატივისცემა მაქვს მე ამ ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელის მიმართ. ჩვენს აკადემიაში გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ასაკობრივ ნაკრებში რომ წავიდა ჩვენ თამაშს არ ტოვებდა. იმედია, რომ შემდგომშიც ესე გაგრძელებდა
ტარიელმა ასევე განაცხადა:
ყველას რატომღაც ჰგონია, რომ განტევების ვაცი ყოველთვის პრეზიდენტია. ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორმა ლევან სილაკაძემ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და კლუბის დირექტორმა კახა ამირიძემ, რომელიც ძალიან კარგად უძღვება თავის საქმეს დამირეკეს და მითხრეს, რომ გუგას თქმით გუნდის მართვაში აღარ იყო ის საჭირო ემოცია და რომ წასვლა უნდოდა. მე ვუთხარი მოდი კიდე დავილაპარაკოთ, ვეცადოთ რომ სიტუაცია გამოვასწოროთო.
ანდრეი დემჩენკოს გაშვებაზე იბერიას პრეზიდენტმა აღნიშნა:
დემჩენკოს წასვლაზე ჭორები მოყვა იმ ფაქტს, რომ ანდრეის ჰქონდა დისკვალიფიკაცია. არ იყო გაშვებული და ჩვენ კონტრაქტის ყველა პირობა შევასრულეთ.
ხეჩიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კონტრაქტებში მკაფიო ინდიკატორები და პირობებია გათვალისწინებული. მაგალითად, სამი მატჩის წაგება ქართულ სინამდვილეში უკვე კრიზისის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ დემჩენკოს ხელმძღვანელობით გუნდმა წარმატებას მიაღწია და შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდა, არსებობდა ობიექტური სპორტული პრობლემებიც:
დაცვით ხაზზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი იყო..
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კლუბი მადლობელი უნდა იყოს იმ ადამიანების, ვინც წარმატება მოიტანა, თუმცა სპორტული რეალობა და სამწვრთნელო პროცესი ხშირად სწრაფ და მკაცრ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.