საფეხბურთო კლუბ იბერიას პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბის მთავარ პრინციპებზე, ახალგაზრდა ტალანტების აღზრდასა და ფეხბურთის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ნიჭიერი ბავშვების ნამდვილი საბადოა და კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდებს სწორი პირობები შეუქნას:
საქართველო ნიჭიერი ბავშვების საბადოა. ფეხბურთი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ცალკე პრობლემაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველა ნიჭიერი ბავშვი განთავისუფლებული იყოს და აკადემიაში ყველა ბავშვი განთავისუფლებულია ყველა გადასახადისგან.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირადი მაგალითი და სოციალური პასუხისმგებლობაც გაიხსენა, რის გამოც აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს:
ფეხბურთი არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. ეს ძალიან მარტივი ალგორითმია. მე თვითონაც ესეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ვიცი რა არის გაჭირვება, ვიცი რა არის, როცა ოჯახი ცდილობს, რომ ბავშვს ხელი შეუწყოს და ამის პირობები არ აქვს. ყველა ნიჭიერი ბავშვის მშობელს ვეპატიჟებით სკოლაში მობრძანდეს და თუ ჩვენ თუ შეგვძლება ყველას მივიღებთ და მაქსიმალურად დავეხმარებით.
კლუბის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობას, რომელიც ქართულ ფეხბურთში ვითარდება და ხელს უწყობს როგორც ბავშვების, ისე მთლიანად სისტემის განვითარებას:
ძალიან კარგია, სხვათა შორის, რომ მაგ მიმართულებით კონკურენცია იზრდება. ამიტომ ეს მხოლოდ ხელს უწყობს ჩვენი ბავშვების განვითარებას.