ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვის საიდუმლო გეგმის ირგვლივ დასმულ მწვავე კითხვებს თავი აარიდა და Sky News-ის ჟურნალისტს, ჯეიმს მეთიუსს დასცინა.
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, უღალატა თუ არა მან ფეხბურთს და რატომ არ ტოვებს თანამდებობას, ინფანტინომ უპასუხა:
კარგი ვარცხნილობა გაქვს, დიდი მადლობა. დალაქთან შევხვდებით
Daily Mail-ის ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ ორივე მათგანი მელოტია.
მილიარდიანი სკანდალი და უეფას ბოიკოტი
სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც გაირკვა, რომ ინფანტინო კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილის მიყიდვას 15 მილიარდ ფუნტად გეგმავდა. Times-ის ცნობით, 2031 წელს ფიფას დატოვების შემდეგ, ის ახალი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა და წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა. პროცესს JP Morgan ხელმძღვანელობდა და საქმის კურსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც იყო.
ფართომასშტაბიანი კრიტიკისა და შიდა ამბოხის გამო, ინფანტინო იძულებული გახდა, გეგმა გაეუქმებინა.
ვითარებას ართულებს უეფას გადაწყვეტილებაც, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ფიფას ყველა ტურნირს ბოიკოტს უცხადებს, სანამ ინფანტინო თანამდებობას არ დატოვებს. მიუხედავად ამისა, მაროკოში გამართულ კრიზისულ შეხვედრაზე მან ფიფას მაღალჩინოსნებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.