მარტში დაგეგმილ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯანი ინფანტინოს სერიოზული კონკურენტი ეყოლება.
უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე, აღმასრულებელმა კომიტეტმა და ეროვნულმა ასოციაციებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფილიპ დიალოს კანდიდატურას.
ევროპული ორგანიზაციის განცხადებით, დიალოს საფეხბურთო სტრუქტურებში, მათ შორის საფრანგეთის პროფესიულ ლიგასა და ფიფას დავების გადაწყვეტის ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. უეფამ ხაზი გაუსვა მის ლიდერულ თვისებებს და აღნიშნა, რომ ეროვნულ ასოციაციებს სურთ ისეთი ფიფა, რომელიც ფეხბურთის განვითარებას პრიორიტეტად აქცევს და მმართველობის მაღალ სტანდარტებს იცავს.
აღსანიშნავია, რომ ჯანი ინფანტინომ, რომელსაც პოსტის შენარჩუნება სურს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევროპის მხარდაჭერა დაკარგა. უეფას განცხადებაში პირდაპირ არის საუბარი ფიფას განვითარების კურსთან დაკავშირებულ სერიოზულ შეშფოთებაზე და მსოფლიო ფეხბურთში მეტი ნდობისა და ერთიანობის აუცილებლობაზე.
რაც შეეხება 63 წლის ფილიპ დიალოს, ის მამით სენეგალელია. მამამისი ცნობილი მოკრივე სულეიმან დიალო გახლდათ, რომელიც 1960 წლის ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით გამოდიოდა. თავად ფილიპს კი ახალგაზრდობაში ნანტის აკადემიაში აქვს ნათამაშები. 2023 წლიდან ის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრიცაა.