ბარსელონა ფერან ტორესს იმაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდის, ვიდრე თავის დროზე მის სანაცვლოდ გადაიხადა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში პსჟ 26 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე ბარსელონასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს დაიწყებდა.
Marca წერდა, რომ ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში თავს დაუფასებლად გრძნობს და გუნდის შეცვლისთვის მზადაა.
Diario Sport-ის ცნობით, გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ბარსელონაში პსჟ-ს ინტერესის შესახებ ჯერ არაფერი იციან. კლუბს არც თავად ფეხბურთელისა და მისი გარემოცვისგან მიუღია რაიმე სიახლე.
კატალონიელებმა ყველა ჭორის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყვეს და ახლა მოთამაშის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.
კლუბში იმედოვნებენ, რომ ამ საკითხს მომდევნო კვირაში დააზუსტებენ, რათა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გეგმების დაწყობა შეძლონ.
თუ ფერანი წასვლის სურვილს დაადასტურებს, ბარსელონას იდეა მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღება იქნება. კატალონიელები მიიჩნევენ, რომ დღეს ბაზარზე თავდამსხმელების დეფიციტია და გარიგების თანხაც მაღალი უნდა იყოს.
ყოველ შემთხვევაში, ბარსელონას სურს მინიმუმ ის 55 მილიონი ევრო დაიბრუნოს, რაც 2022 წელს ფერანის მანჩესტერ სიტიდან ტრანსფერში გადაიხადა.