ინტერის პრეზიდენტმა, ბეპე მაროტამ, მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდის მცველს, ალესანდრო ბასტონის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წითელი ბარათი მიიღო.
იტალიის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა და ზედიზედ მესამედ დარჩა მუნდიალის მიღმა.
მატჩის შემდეგ ბასტონი და მისი მეუღლე სოციალურ ქსელებში ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ. მაროტამ DAZN-თან ინტერვიუში ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა:
„სირცხვილია, რომ მას მუდმივად ასე უსწორდებიან, თითქოს რაღაც წარმოუდგენელში იყოს დამნაშავე. იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის მიზეზები გაცილებით ღრმაა. გარდა ამისა, მისი ასაკის ბიჭი ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს.
ცხოვრებაში შეცდომები ხდება, მაგრამ აქ, იტალიაში, ყველანი მივეჩვიეთ ფსიქოლოგობასა და ფეხბურთის ექსპერტობას ისე, რომ არც კი ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ბასტონი ინტერისთვის და მთელი იტალიური ფეხბურთისთვის უძვირფასესი მოთამაშეა.
ახლა არ არსებობს არანაირი პირობა ან გარემოება იმისა, რომ მან კლუბი დატოვოს. როგორც ყველა მოთამაშის შემთხვევაში, მოგვიანებით შესაძლოა სხვადასხვა სიტუაციები წარმოიქმნას, რომლებსაც განვიხილავთ, მაგრამ ამ ეტაპზე ის ჩვენი გუნდის ნაწილია.“
შეგახსენებთ, რომ ბასტონიმ მატჩის 41-ე წუთზე მიიღო პირდაპირი წითელი ბარათი. ფეხბურთელს მსგავსი პრობლემები იუვენტუსთან მატჩის შემდეგაც ჰქონდა, რის გამოც მას და მის მეუღლეს სოციალურ ქსელში აქტივობების შეზღუდვა მოუწიათ.