ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის პირველი სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრას სტადიონ ჯუზეპე მეაცამ უმასპინძლა.
ინტერმა, რომელიც 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მიიწევდა და შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი დათმო, საკუთარ მოედანზე იდეალურად მიმავალ არსენალს უმასპინძლა და მიზნად არტეტას ამუშავებული მანქანის გაჩერება ჰქონდა დასახული.
წინასწარვე გეტყვით, რომ ამის გაკეთება მილანელებს არ გამოუვიდათ — არსენალმა დამაჯერებლად 3:1 იმარჯვა და თავისი წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-7 გამარჯვებით გააგრძელა.
ლონდონელთა რიგებში დუბლი გაბრიელ ჟესუსმა მიითვალა, ერთი გოლი კი მატჩის მიწურულს ვიქტორ გიოკერეშმაც გაიტანა, რომლისთვისაც ეს თამაშიდან გატანილი პირველი გოლია ბოლო 11 ჩატარებულ შეხვედრაში.
ინტერის რიგებში ერთადერთი გოლი სუჩიჩმა შეაგდო, როცა მე-18 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ კრისტიან კივუს გუნდმა მეტი ვერაფერი გააწყო.
არსენალმა 21 ქულა დააგროვა და ტოპ 8-ში ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, ინტერი კი 12 ქულით საუკეთესო რვა გუნდიდან ამოვარდა და ზედიზედ 3 მარცხის შედეგად, მე-9 ადგილს იკავებს.
ბოლო ტურში არსენალი საერთო ფაზის იდეალურად (8-დან 8) დასრულებით კაირატთან საშინაო მატჩით შეეცდება, ინტერს კი რვა საუკეთესოში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად გასვლაზე დორტმუნდი ეყოლება დასამარცხებელი.