ჩელსიმ ლიამ როსენიორი დაითხოვა. ეს მოხდა ენცო მარესკას გათავისუფლების აუხსნელი გადაწყვეტილებიდან სულ რაღაც 106 დღეში. ახლა ლონდონელები კვლავ ეძებენ მწვრთნელს, რომელიც მომავალ სეზონში სტემფორდ ბრიჯზე გუნდს ჩაიბარებს.
ჩელსი სერიოზული გამოწვევის წინაშეა: ბევრი მწვრთნელი კლუბის მართვის სტილს ეჭვით უყურებს, რაც სრულიად სამართლიანია. ერთ-ერთი სახელი, რომელიც ჭორების დონეზე აქტიურად ფიგურირებს, ანდონი ირაოლაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბორნმუთის თავკაცი ვაკანტურ პოზიციაზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
ახალ მესიად წოდებულმა ირაოლამ პრემიერ ლიგაში ფურორი მოახდინა თავისი აგრესიული სათამაშო სტილით, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და სირბილს გულისხმობს. ის ბორნმუთს დაეხმარა, რომ ზედიზედ ორჯერ (შესაძლოა მესამედაც) ცხრილის ზედა ნაწილში დაესრულებინა სეზონი. მოსალოდნელია, რომ ის მიმდინარე პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს, ჩელსი კი მის მისაღებად რიგის სათავეში იქნება.
მიუხედავად ამისა, ჩელსისა და ირაოლას თანამშრომლობა, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს და ეს არა მისი მწვრთნელობის ხარისხის, არამედ სხვა მიზეზების გამო მოხდეს.
პირველ რიგში, ჩელსის შემადგენლობა მორგებულია მწვრთნელზე, რომელიც ორიენტირებულია ნახევარდაცვის კონტროლსა და პოზიციურ ბრძოლებზე. გუნდი ყოფილი მწვრთნელისთვის, ენცო მარესკასთვის აშენდა, რომელიც გათვლილ კონტროლს უფრო აფასებდა, ვიდრე ტოტალურ აგრესიას. ისეთი ნახევარმცველები, როგორებიც არიან მოისეს კაისედო, ენცო ფერნანდესი და რომეო ლავია, უფრო გაწონასწორებული მოთამაშეები არიან და არა დიდი დისტანციის მორბენლები. ამ კუთხით, ირაოლა გუნდის პროფილს არ შეესაბამება და ჩელსის შემადგენლობის მასშტაბური წმენდა დასჭირდება, რათა ის ახალ სისტემას მოარგოს.
გარდა ამისა, ასეთი სათამაშო სტილი ხშირად იწვევს ტრავმებს, ჩელსის კი ისედაც ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება. რის ჯეიმსი, ლავია და ლევი კოლვილი ირაოლას მძიმე დატვირთვის სისტემას, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებენ.
ასევე, ლონდონელებმა უნდა მოიყვანონ მწვრთნელი, რომელიც გუნდის პატივისცემას მყისიერად დაიმსახურებს. ისეთ გამარჯვებულებს, როგორიც ენცო ფერნანდესია, სჭირდებათ ავტორიტეტული მწვრთნელი, რომელიც მათ ამბიციებს უპასუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკი სპეციალისტი ტაქტიკურად ძლიერია, მას კარიერაში ჯერ არაფერი მოუგია.
ჩელსიმ პრიორიტეტი მხოლოდ პრემიერ ლიგის გამოცდილებას არ უნდა მიანიჭოს. მათ უნდა ეძებონ მწვრთნელები, რომელთაც გამარჯვებების ისტორია აქვთ, რათა კოულ პალმერს, რიის ჯეიმსს, კაისედოსა და ფერნანდესს აჩვენონ, რომ კლუბს ტიტულებისთვის ბრძოლა სურს.