ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი მილუოლი ვესტმინსტერის საქალაქო საბჭოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას განიხილავს.
ამის მიზეზი სკოლებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა გახდა, რომელშიც ავტორებმა კლუბი კუ-კლუქს-კლანს შეადარეს.
ბროშურის მიზანი ბავშვებში რასიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო, თუმცა კამპანია სკანდალში გადაიზარდა. ერთ-ერთ ილუსტრაციაზე გამოსახული იყო კუ-კლუქს-კლანის წევრი, თეთრი მოსასხამითა და წვეტიანი თავსაბურავით, რომელსაც მკერდზე მილუოლის ლოგო ჰქონდა დატანილი.
ამბავი ეყრდნობა ჩელსის ყოფილი ფეხბურთელის, პოლ კანოვილის გამოცდილებას, რომელიც 1981 წელს ლონდონური კლუბის პირველი შავკანიანი მოთამაშე გახდა. კანოვილი იხსენებს რასისტულ შეურაცხყოფას, რომელიც მან მილუოლის ფანებისგან მიიღო:
რასიზმი არსად გამქრალა. მილუოლთან სარეზერვო გუნდების მატჩისას სასტიკად მლანძღავდნენ, თუმცა მოგვიანებით რასისტებს ჩემი 1984 წლის მეორე დივიზიონის ჩემპიონის მედალი ვაჩვენე
ვესტმინსტერის საბჭომ ბროშურების გავრცელება უკვე შეაჩერა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონურ კლუბს ბოდიში მოუხადა. საბჭომ დაადასტურა, რომ აღნიშნული გამოსახულებით მასალები აღარ დაიბეჭდება, ხოლო დარჩენილი ეგზემპლარები განადგურდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კლუბის რეგისტრირებული ემბლემის სიძულვილის ჯგუფის წევრზე გამოსახვა იყო სერიოზული შეცდომა, რამაც მილუოლის შესახებ მცდარი და დამაზიანებელი წარმოდგენა შექმნა. მიუხედავად ბოდიშისა, კლუბი სამართლებრივი მოქმედების უფლებას იტოვებს და პოზიციას ამჟამად იურისტებთან ერთად განიხილავს.