2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში, 5 ივლისს (21:00), მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნები ირლანდიას დაუპირისპირდებიან.
ირლანდია ტიერ 1-ის მესამე (შოტლანდიისა და იტალიის შემდეგ) და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელიც საქართველოს ეწვევა. ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია.
მსოფლიო რეიტინგში ისინი ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესოები არიან და მესამე ადგილს იკავებენ. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი - ახალი ზელანდია.
ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს.
„სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ. მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო.
2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს. მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.
ირლანდიელებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზ ტოიოტა ჩიტასს ეთამაშებიან, 19-ში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გავლენ მოედანზე.
5 ივლისს გასამართი მატჩის ბილეთები tkt.ge-ზე იყიდება.