კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ატეხილი სკანდალი პიკს აღწევს.
კონგოსთან ფრის (1:1) შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ჯეი ბოტროიდმა Sky Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ 41 წლის თავდამსხმელი პორტუგალიისთვის უკვე ტვირთია. მან კრიშტიანუს მესისთან მარადიული შედარებებიც შეახსენა.
„ყველაფერს საკუთარი თავისთვის აკეთებს“
ბოტროიდმა აღნიშნა, რომ რონალდუმ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, სკამზე დაჯდეს და მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს შემოვიდეს, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს გამორიცხულია:
რონალდუს ფანებს დღეს შევძულდები, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობს. ის მუდამ მესის დასდევს, თუმცა მესი ვერასდროს გახდება. კრიშტიანუმ კარიერაში მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ ახლა პორტუგალიას უფრო აზარალებს, ვიდრე ეხმარება. მარტინესი კი ამას ვერ ხედავს და დიდ შეცდომას უშვებს.
კონგოსთან შეხვედრაში კრიშტიანუმ ორი რეალური საგოლე შანსი გაანიავა და კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა, რამაც კრიტიკოსები კიდევ უფრო გაააქტიურა.
მარტინესი თავისას არ იშლის
მიუხედავად გარე წნეხისა, რობერტო მარტინესი კაპიტანს ისევ კბილებით იცავს. მწვრთნელის თქმით, როდესაც გუნდს გოლი სჭირდება, მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირის მოედნიდან გაყვანა სრული აბსურდია:
მისი გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. ის მცველებს იზიდავს და სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს. თუ გოლი გჭირდება, მოედანზე კრიშტიანუ უნდა გყავდეს
პორტუგალია მომდევნო მატჩს უზბეკეთთან გამართავს. თავად რონალდუმ კი სოციალურ ქსელში ფანებს მიმართა და დაწერა, რომ მუნდიალი „ჯერ კიდევ არ დასრულებულა“.