ბრაზილიის ნაკრების ჩავარდნილმა სასტარტო მატჩმა მაროკოსთან (1:1), სადაც გუნდი სირცხვილს მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორის გენიალურმა გოლმა გადაარჩინა, ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
ნეიმარის ტრავმის ფონზე, ექსპერტები კარლო ანჩელოტისგან ჰაიტისთან მომავალ შეხვედრაში შემადგენლობის სასწრაფო გადახალისებას და ვეტერანების სკამზე დასმას ითხოვენ.
დასვით კაზემირო და შანსი ედერონს მიეცით
მაროკოსთან მატჩში 34 წლის კაზემირო მოედანზე აჩრდილს ჰგავდა - მან 8-დან 6 ორთაბრძოლა წააგო, სისწრაფეში აშკარად დაიჩაგრა და ანჩელოტიმ ის შესვენებაზევე შეცვალა. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა შეცდომა დაუშვა, როცა მოედანზე ფაბინიო შეიყვანა და შანსი არ მისცა ედერონს. ატალანტას 26 წლის ნახევარმცველი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში სწორედ კაზემიროს შესაცვლელად გადადის, ენერგიით სავსეა და ჰაიტისთან ძირითადში იმსახურებს ადგილს, მით უმეტეს, რომ ანჩელოტი მას ვარჯიშებზე მარჯვენა მცველადაც კი ტესტავს.
დაცვაში საერთო სიტუაცია საგანგაშოა: გაბრიელისა და მარკინიოსის გარდა, გუნდს რესურსი არ აქვს, როხერ იბანიესის ექსპერიმენტმა მარჯვენა ფლანგზე კრახი განიცადა, ხოლო მცველების საშუალო ასაკი 31 წელია - დანილო (34) და ალექს სანდრო (35) ნაკრებს სისწრაფეს უკარგავენ.
იგორ ტიაგოს ნერვები, კუნიას გამოცდილება და ენდრიკის საათი
ბრენტფორდის ფორვარდ იგორ ტიაგოსთვის მუნდიალზე სასტარტოში თამაში ნაადრევი აღმოჩნდა, მან ორი რეალური მომენტი გაანიავა და თავადვე აღიარა, რომ ნერვიულობამ სძლია. მის ნაცვლად მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი მატეუს კუნია უნდა ვიხილოთ, რომელმაც შეცვლაზე შესვლის შემდეგ თამაში აშკარად გამოაცოცხლა.
ყველაზე დიდი კრიტიკა ანჩელოტიმ 19 წლის ფენომენის, ენდრიკის სკამზე დატოვების გამო მიიღო. გულშემატკივრები ვერ ხვდებიან, რატომ ამჯობინა მწვრთნელმა კრიზისულ მომენტში ლუიზ ჰენრიკე. ლეგენდარულმა რონალდო ფენომენმაც კი აღნიშნა, რომ ენდრიკი მზადაა:
დარწმუნებული ვარ, ის თავის შანსს მიიღებს. ენდრიკი მზად არის და ის ისეთივე მაღალი დონის მოთამაშეა, როგორებიც მატეუს კუნია და იგორ ტიაგო არიან
ენდრიკთან ერთად, ანჩელოტის ბორნმუთის კიდევ ერთი 19 წლის ვარსკვლავის, რაიანის გამოყენებისკენ მოუწოდებენ, რომელმაც პრემიერ ლიგაში 15 მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა და ჰაიტისთან იდეალური ჯოკერი შეიძლება გახდეს.