საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ახალ კაპიტანთან და ვიცე-კაპიტნებთან დაკავშირებით, სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, კვარას ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შესანიშნავი პროგრესი ჰქონდა. ახლა ისეთ დონეზეა, რომ თანაგუნდელებისთვის ბევრი რამის გაზიარება შეუძლია.
ამ თემაზე რამდენიმე თვის წინაც ვილაპარაკეთ და ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, კაპიტანი ყოფილიყო, პასუხისმგებლობა აეღო და გუნდს დახმარებოდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თამაშსა და ვარჯიშზე ექნება სურვილი, გუნდის ლიდერი იყოს. თუმცა, ის ერთადერთი ლიდერი არ უნდა იყოს. გვყავს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება. კიტეს დიდი გამოცდილება და ძლიერი ხასიათი აქვს, პატივს სცემენ როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილი ფეხბურთელები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა და ლიდერობა მანაც აიღოს.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის და საუბარი ვერ მოვახერხეთ, თავისი გამოცდილებითა და გუნდში როლით, ოთარ კაკაბაძეც კარგი ლიდერი იქნება.
მათ ვთხოვე, ჩამოაყალიბონ 7-8 კაცისგან შემდგარი ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ერთობლივ პასუხისმგებლობას აიღებს. მაშინ, როცა მთელი გუნდი ერთ აზრზეა, წინსვლა და სწორი გზით განვითარება შესაძლებელია", - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ვიცე-კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი - ოთარ კაკაბაძე.
ფოტო: NAKREBI.GE
"ერთიანი გუნდი ვართ და ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია" - კვარაცხელია კაპიტნობაზე