შენგელ ფიცხელაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ხარისხი მე-8 დანი მიანიჭეს.
ვეტერან სპორტსმენს, 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჯილდო პირადად გადასცა ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა, დოქტორმა ლასლო ტოთმა, რომელმაც კომენტარიც გააკეთა.
"დღეს მხოლოდ მნიშვნელოვან იუბილეს არ აღვნიშნავთ. დღეს პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის ცხოვრებაც ევროპული ძიუდოს ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა.
შენგელ ფიცხელაურის მიღწევები ტატამიზე, ისევე როგორც მისი მრავალწლიანი ერთგულება ძიუდოს ღირებულებებისადმი, ნამდვილად იმსახურებს მე-8 დანს.
განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ეს აღიარება ერგო. ეს პატივი ეკუთვნის როგორც მის პირად მემკვიდრეობას, ისე ქართული ძიუდოს მდიდარ ტრადიციებს", - განაცხადა ტოთმა.
ფიცხელაური მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.