თელავში მიმდინარე ხელბურთის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 7-ბურთიანი სხვაობით, 31:24 აჯობა.
6-6 გოლი გაიტანეს ვახტანგ ხარებაშვილმა, ნიკოლოზ მამულაშვილმა და გიორგი კაპანაძემ, ვანო გურგენიძემ 5 გოლი შეაგდო, 2-2 გოლით თავი საბა შუბაშიშვილმა და ნიკოლოზ ნარიმანიძემ გამოიჩინეს, ხოლო დემეტრე თორიას, ნიკოლოზ ბიბლაიას, გიორგი მაზანიშვილისა და საბა ბუიღლიშვილის აქტივში თითო-თითო გოლი გახლდათ.
"პირველი მაღალი დონის ტურნირია, რომელშიც ეს ბიჭები მონაწილეობენ. დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ საწყის წუთებზე თამაშის თანმხლებმა ემოციებმა ცოტა შეგვბოჭა. თუმცა, ემოციებიდან მალე გამოვედით და ნაბიჯ-ნაბიჯ სასურველ შედეგამდე მივედით. ახლა თამაშს გავაანალიზებთ და შეცდომებზე ვიმსჯელებთ, რათა მომავალ შეხვედრებში უკეთ ვითამაშოთ", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შოთა თევზაძემ.
ხვალ, 3 აგვისტოს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შეხვდება ბულგარეთს, რომელმაც კოსოვო 36:26 დაამარცხა.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია