ტაშკენტმა სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირი სულ 11 მედლით (5 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის საბრძოლო სამბოში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტულ სამბოში მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), ავთანდილ მუკბანიანი (64 კგ), ელიზბარ (ჯაბა) თურქია (71 კგ) და უჩა ტაბატაძე (+98 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლები სპორტულ და საბრძოლო სამბოში ელენე ქებაძემ (+80 კგ) და არჩილ გოგოლაშვილმა (98 კგ) მოიპოვეს. ამასთან, არჩილ გოგოლაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი მამაკაცი გახდა, ვინც საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბექა ძაგანიშვილი (88 კგ, სპორტული სამბო), გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ, საბრძოლო სამბო) და სოფიო ბაღიშვილი (50 კგ, საბრძოლო სამბო). სოფიო ბაღიშვილი გახდა პირველი ქალი საქართველოს სამბოს ისტორიაში, რომელმაც საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი მოიპოვა.
ისტორიული შედეგი დაფიქსირდა პარასამბოშიც. გიორგი გამჯაშვილმა (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, ვინც ამ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო რამინ ყიფშიძემ (98 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.