სენეგალში ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყო. ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებს აფრიკის კონტინენტი მასპინძლობს.
ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ქართველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
ემზარ ზენაიშვილი ქართველი უშუისტის, გვანცა ქარჩავას ასპარეზობის პირველ დღესაც დაესწრო. გვანცა ქარჩავა პირველ საკვალიფიკაციო დღეს, გუნ შუს დისციპლინაში, 8.710 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება. თამაშებში 205 ქვეყნის 2 655 სპორტსმენი მონაწილეობს, ხოლო საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა) 13 სპორტსმენი ასპარეზობს.