იტალიაში გამართული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.
ჩვენმა გუნდმა ტურნირი ხუთი ინდივიდუალური მედლითა და შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონობით დაასრულა.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია -90 კგ წონითი კატეგორია, სადაც ქართული ფინალი შედგა: ოქროს მედალი ლუკა ჯავახიშვილმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლის ჯილდოს ნიკოლოზ დავლაძე დაესაკუთრა.
ბრინჯაოს მედლები ლუკა გადელიამ (-60 კგ), მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და ნინო ლოლაძემ (-57 კგ) მიითვალეს.
გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე წარმატებით იასპარეზა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 3:4 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.