დაკარში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენმა, გვანცა ქარჩავამ უშუში წარმატებული სტარტი აიღო.
ჩანცუანის კომბინირებული შეჯიბრების პირველ ნაწილში, ჯოხით ვარჯიშში (გუნშუ), გვანცამ 8.710 ქულა დაიმსახურა და 12 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
საკვალიფიკაციო ეტაპი ორ ნაწილად იყოფა. პირველ დღეს სპორტსმენები ჯოხით ვარჯიშობენ, ხოლო მეორე დღეს უიარაღოდ ასპარეზობენ (ჩანცუანი), რის შემდეგაც ორივე გამოსვლის ქულები ჯამდება და რვა საუკეთესო ფინალში გადის.
წარმატებული სტარტის შემდეგ ქართველ სპორტსმენს ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს. იგი მეორე საკვალიფიკაციო გამოსვლას 2 ნოემბერს, ფინალურ ეტაპს კი 3 ნოემბერს გამართავს.