26 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურთულესი გასვლითი მატჩი ელის, ჩვენი გუნდი ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამჟამად ბერძნები ქართველებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.
მატჩის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ FIBA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება იმ 10 მატჩს შორის შეიყვანა, რომელიც გულშემატკივარმა აუცილებლად უნდა ნახოს. საერთაშორისო ფედერაციის მიმოხილვის თანახმად, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მეხუთე სათამაშო ფანჯარა 26-30 ნოემბერს გაიმართება. ყატარში გასამართი ტურნირისთვის ევროპას დარჩენილი 11 საგზური აქვს გასანაწილებელი (ამ დროისთვის კვოტა მხოლოდ თურქეთს აქვს გარანტირებული).
FIBA-ს სტატიაში ყურადღება გამახვილებულია გუნდების ისტორიულ ურთიერთშეხვედრებზე. სტატისტიკა ცალსახად ბერძნების მხარესაა - მათ საქართველოსთან ჩატარებული წინა შვიდივე მატჩი მოიგეს. თუმცა, I ჯგუფში საბერძნეთი არასტაბილურად ასპარეზობს და 4 მოგებისა და 4 მარცხის ფონზე, მათთვის ათენში წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მეორე მხრივ, საქართველოს ნაკრები ამჟამად ჯგუფიდან გასვლის ზონაში იმყოფება. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი საბერძნეთთან ისტორიული, პირველი გამარჯვების მოპოვება და სატურნირო ცხრილში ხელსაყრელი პოზიციის შენარჩუნებაა.
ათენში დაგეგმილი მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.