ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა შესანიშნავი სერია წამოიწყო.
კლუბმა ერთმანეთის მიყოლებით ოთხი შეხვედრა მოიგო. ამჯერად ფლორიდელები სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, ბოსტონ სელტიკს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 115:105 გაიმარჯვეს.
მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ორლანდომ 12-ქულიანი უპირატესობით, 40:28 მოიგო.
შეხვედრაში ეფექტურობით გამოირჩა ქართველი ცენტრი. გოგა ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მეჯიქი 14 ქულით დაწინაურდა (+14). ანალოგიური შედეგი ჰქონდა ფრანც ვაგნერსაც და ეს მაჩვენებელი საუკეთესო იყო ორლანდოს შემადგენლობაში.
ბითაძემ პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა (6-დან 5 ზუსტი ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი იყო 21 ქულით, ხოლო ბოსტონს ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.
ამ გამარჯვების შემდეგ ორლანდო მეჯიქს 6 მოგება და 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს. ფლორიდელები მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, ლებრონ ჯეიმსის ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავენ.