ერთა ლიგის დასკვნითი ტურის წინ, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მწვრთნელმა აღნიშნა:
საკადრო პრობლემები და ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. ჩვენმა მეტოქემ კვარაცხელია ტრავმის გამო დაკარგა. ზოგჯერ ერთი ფეხბურთელის არყოფნა მეორისთვის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძირითადი მოთამაშე გვაკლდა, მათი შემცვლელების პოვნა შევძელით. რთულ მატჩს ველი, რადგან საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.
მალდერამ ხაზი გაუსვა, რომ გუნდი შედეგებით იმედგაცრუებულია და მთავარი მიზანი გულშემატკივრების გახარებაა:
რა თქმა უნდა, შედეგებით იმედგაცრუებულები ვართ. სამწუხაროდ, ჩვენი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ გონივრული მოქმედება გვჭირდება, რათა ვითარება გამოვასწოროთ. ბიჭებს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვთ და ისინი ამას იმსახურებენ.
იმედი მაქვს, ვითარება რაც შეიძლება მალე შეიცვლება. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ის არის, რომ უკრაინელ გულშემატკივრებს სიხარული ვერ ვაჩუქეთ. გუნდში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, ხვალ გავიმარჯვებთ და მათ გავახარებთ.
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა:
შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ვფიქრობ, წინ რთული 90 წუთი გველის.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის შეხვედრა უკრაინასა და საქართველოს შორის 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.