შვეიცარიის ნაკრების კაპიტანმა, გრანიტ ჯაკამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში არგენტინასთან დამატებით დროში მარცხი (1:3) შეაფასა და მატჩის მთავარი არბიტრის, ჟოაუ პინეირუს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
შეხვედრის 72-ე წუთზე მსაჯმა, VAR-ის ჩარევის შემდეგ, ბრელ ემბოლო სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გააძევა.
„კარგად დავიწყეთ. კუთხურის შემდეგ გოლი გავუშვით, თუმცა, ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ შვეიცარია იყო. ბურთს ვფლობდით, თუმცა პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. მათ კი კუთხურის გარდა არაფერი ჰქონიათ.
მეორე ტაიმი მთლიანად ჩვენი იყო - ვიცოდით, რომ ნელ-ნელა უფრო მეტ რისკზე უნდა წავსულიყავით.
რისკზე წავედით, გავიტანეთ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. მეტი ენერგია და საკუთარი თავის რწმენა გაგვიჩნდა, თუმცა წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. ამ გაძევებამ ჩვენი სათამაშო გეგმა მთლიანად არია.
როდესაც მსაჯის ერთი გადაწყვეტილების გამო გიწევს წაგება, ეს ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მატჩის შემდეგ ამასთან შეგუება რთულია, გასახდელში სრული სიჩუმე იყო, ყველა იმედგაცრუებულია.
თუმცა, თუ ასეთი არგენტინის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ხარ, ეს ჩვენი გუნდის დიდ ხასიათზე მეტყველებს“, - განაცხადა ჯაკამ.