ლივერპულს ედუარდო კამავინგას ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი იმედი მიეცა.
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის რეალი მზადაა ფრანგი ნახევარმცველი გაყიდოს. TEAMtalk-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები 23 წლის ფეხბურთელით დიდი ხანია დაინტერესებულები არიან. შესაძლოა, ალექსის მაკ ალისტერის გაცვლის ვარიანტიც გამოჩნდეს, რომელიც რეალის ინტერესის სფეროშია.
კამავინგასთვის ბოლო ორი სეზონი ტრავმების გამო რთული გამოდგა, მისი თამაშის ხარისხი საგრძნობლად დაეცა. ამას დაემატა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნთან მიღებული წითელი ბარათიც, რაც ალვარო არბელოას გუნდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. Defensa Central-ის ცნობით, რეალი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოცემა El Debate აღნიშნავს, რომ რეალის ხელმძღვანელობის აზრით, კამავინგამ პროგრესი შეწყვიტა და ბოლო ხანებში არასაიმედო გახდა. კლუბში ვერ ხსნიან მის გაუაზრებელ ქმედებებს მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულ გრანდს მისი გაყიდვა სურს, მთავარი დაბრკოლება თავად ფეხბურთელია. Marca-ს ცნობით, კამავინგას, რომელსაც კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს გუნდთან, ბერნაბეუს დატოვება არ სურს.
მისი გარემოცვა ამბობს, რომ კამავინგა ყველაფერს იზამს, რათა რეალში დარჩეს და კიდევ ერთი შანსი მიეცეს.