რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ბარსელონას დატოვებს.
37 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კატალონიურ გრანდთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა. ლა ლიგის ახლადდაგვირგვინებული ჩემპიონები მას ხელშეკრულების გაგრძელებას კი სთავაზობდნენ, თუმცა შეურაცხმყოფელი პირობებით, ხელფასის რადიკალურად შემცირებითა და გუნდში მეორე ან მესამე თავდამსხმელის სტატუსით.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება კონტრაქტის ხანგრძლივობამ გამოიწვია. ვეტერან ფორვარდს ორწლიანი ხელშეკრულება სურდა, ბარსელონა კი მხოლოდ 12-თვიან შემოთავაზებაზე იყო თანახმა. ლევანდოვსკი იმ პირობასაც დასთანხმდა, რომ მეორე წელი გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში ავტომატურად გააქტიურებულიყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ამაზეც უარი თქვა.
კატალონიიდან წასვლის შემდეგ, პოლონელი ვარსკვლავი კარიერას, დიდი ალბათობით, საუდის არაბეთში გააგრძელებს. მას ამერიკული მლს-ის (MLS) კლუბ ჩიკაგო ფაიერისგან წლიური 15 მილიონი ევროს ოდენობის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადასვლასაც განიხილავდა, თუმცა საუდის არაბეთის ალ ჰილალმა ფინანსური რბოლა მოიგო. არაბული გუნდი მზად არის ლევანდოვსკის წელიწადში 45 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუ მოულოდნელი არაფერი მოხდა, ის გახდება ბარსელონას მეორე ფეხბურთელი, რომელიც საუდის არაბეთში გადაბარგდა. მას შემდეგ, რაც 2025 წელს ინიგო მარტინესი ალ ნასრს შეუერთდა.