ასტონ ვილამ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობას მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის ფინანსური გარანტიები და გეგმების დასახვის შესაძლებლობა მისცა.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უნაი ემერის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს მარკუს რაშფორდი წარმოადგენს.
ინგლისელი თავდამსხმელი ბირმინგემულ კლუბს კარგად იცნობს. ის გასული სეზონის ბოლო ნაწილში იჯარით სწორედ ვილაში თამაშობდა, სადაც 17 მატჩში 4 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით წარმოაჩინა თავი და მწვრთნელის უდიდესი სიმპათიაც დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში კი რაშფორდი იჯარით ბარსელონაში ასპარეზობდა, სადაც ასევე მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენა.
ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება, რადგან ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ფეხბურთელის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანჩესტერელები კონტრაქტში ჩადებულ ფიქსირებულ თანხას ითხოვენ, კატალონიელები კი ფინანსური პრობლემების გამო მის შემცირებას ცდილობენ.
თუ გრანდები ვერ შეთანხმდებიან, ასტონ ვილას სატრანსფერო რბოლაში ჩართვისა და რაშფორდის დაბრუნების კარგი შანსი მიეცემა. ემერი გუნდის შუა ხაზის გაძლიერებასაც გეგმავს, რომელიც მიმდინარე სეზონში ტრავმებმა საგრძნობლად დააზიანა.