მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის სათამაშო სტილი მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შანსი ხელიდან გაუშვა.
არნე სლოტის გუნდი ასტონ ვილასთან პრინციპულ მატჩში 2-4 განადგურდა, რის წყალობითაც ბირმინგემელებმა ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე ადგილი ოფიციალურად დაიბევეს. ლივერპული ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, თუმცა საჩემპიონო ტიტულის მფლობელ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული.
ბოლო ტურის წინ მათ უკან ბორნმუთი და ბრაიტონი უდგანან, რომლებსაც მატჩების მოგების შემთხვევაში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეუძლიათ.
ეს შეხვედრა სალაჰისთვის ლივერპულის მაისურით ბოლოსწინა გამოდგა. ეგვიპტელმა ვარსკვლავმა უკვე დაადასტურა, რომ ზაფხულში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ენფილდს ტოვებს. მატჩის დასრულებისთანავე მან სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გუნდის ამჟამინდელი იდენტობა და მიდგომა გააკრიტიკა.
სალაჰმა აღნიშნა, რომ სურს იხილოს ისეთი ლივერპული, რომელიც ჰევი მეტალის სტილის შემტევ ფეხბურთს თამაშობს და რომლისაც მეტოქეებს ეშინიათ. მისი თქმით, უბრალოდ აქა-იქ მატჩების მოგება კლუბის ამბიციებს არ შეეფერება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მინიმალური ბარიერია, რისთვისაც ბოლო მატჩში ყველაფერს გააკეთებს.
არნე სლოტი და მისი ტაქტიკა მთელი სეზონის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლშია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს კლუბმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად რეკორდული 446 მილიონი დახარჯა. არასტაბილური გამოსვლის გამო გულშემატკივრები ნიდერლანდელი სპეციალისტის გადაყენებასაც კი ითხოვენ, თუმცა ფეიენოორდის ყოფილი დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ პოსტს მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს.