ავტორიტეტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩაბი ალონსო ლონდონის ჩელსისთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში იგეგმება, სტემფორდ ბრიჯზე კი ესპანელ სპეციალისტთან ერთად მომავალი სეზონის დაგეგმვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
ჩაბი ალონსო, რომელიც მადრიდის რეალიდან არასტაბილური შედეგებისა და წამყვან ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს, დიდ ფეხბურთს სწრაფად უბრუნდება. ის მიმდინარე კვირაში ლონდონს პირადად ეწვია, კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და ხელშეკრულების ბოლო დეტალები შეათანხმა.
ამ ტრანსფერის დაჩქარება ჩელსიში არსებულმა მძიმე კრიზისმა გამოიწვია. ინგლისის თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან განცდილი მარცხის შემდეგ, ლონდონელები მომავალ სეზონში ევროთასების მიღმა დარჩნენ. გარდა ამისა, გუნდს სამწვრთნელო სკამზე სერიოზული არასტაბილურობა ჰქონდა, მიმდინარე სეზონში ჩელსის უკვე სამი მწვრთნელი ჰყავდა, მათ შორის ენცო მარესკა და ლიამ როსენიორი. ჩაბი ალონსოს მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ამ ქაოსის დასრულება და გუნდის ელიტაში დაბრუნებაა.