ინტერის მცველი ალესანდრო ბასტონი სულ უფრო მეტად იხრება ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერის უარყოფისკენ.
რამდენიმე თვის წინ, ჩემპიონთა ლიგიდან ბოდო გლიმტთან სენსაციური გამოვარდნის შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელის კატალონიურ გრანდში გადასვლა სრულიად რეალური ჩანდა, თუმცა ბოლო კვირებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ინტერმა მოკლე დროში როგორც სერია ა, ისე იტალიის თასი მოიგო.
La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ ტიტულების მოგებამ და გულშემატკივრების მხრიდან წამოსულმა უდიდესმა სიყვარულმა ბასტონიზე ემოციურად იმოქმედა და მილანში დარჩენაზე სერიოზულად დააფიქრა. მისი წასვლის სურვილი მინიმუმამდეა დაყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ინტერესი კვლავ არსებობს და კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ტრანსფერი მაინც შესაძლებელია, თავად ფეხბურთელი გადასვლას ძალდატანებით აღარ მოითხოვს. ის სრულიად ბედნიერი იქნება, თუ მილანურ გუნდში დარჩება და უმაღლეს დონეზე ასპარეზობას გააგრძელებს.
ბასტონის ინტერში დარჩენა სერია A-ს იმიჯისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად და კლუბის სიმბოლოდ მიიჩნევა. ტაქტიკური თვალსაზრისითაც, იტალიელი თავს ყველაზე კომფორტულად სამმცველიან განლაგებაში გრძნობს, რაც ინტერის საფირმო სტილია, ბარსელონას სათამაშო მოდელში კი შესაძლოა ადაპტაციის პრობლემები შეჰქმნოდა.