ჟოზე მოურინიო, რომელიც სავარაუდოდ მადრიდის რეალის ახალი მწვრთნელი გახდება, ზაფხულში ნამდვილი სატრანსფერო ბომბის აფეთქებას გეგმავს.
პორტუგალიელ სპეციალისტს მადრიდულ გრანდში მანჩესტერ იუნაიტედის შემტევის, მარკუს რაშფორდის მოყვანა სურს. ეს ნაბიჯი პირდაპირი დარტყმა იქნება ბარსელონაზე, რომელიც ამჟამად ფეხბურთელის გამოსყიდვას ცდილობს.
28 წლის ინგლისელმა კარიერა სწორედ ბარსელონაში იჯარით თამაშისას გააცოცხლა, სადაც ჰანსი ფლიკის გუნდს ესპანეთის სუპერთასისა და ლა ლიგის ტიტულების მოგებაში დაეხმარა (14 გოლი და 14 ასისტი). თუმცა, კატალონიელთა ფინანსური პრობლემების გამო, კლუბი იკავებს თავს მანჩესტერ იუნაიტედისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული 30 მილიონი ევროს გადახდისგან. ამ პაუზით სარგებლობას კი მოურინიო აპირებს.
გამოცემა The Independent-ის ჟურნალისტი, მიგელ დელეინი თავის საინფორმაციო ბიულეტენში წერს:
მოურინიოს რაშფორდთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს და არსებობს განცდა, რომ მას ამ ტრანსფერის განხორციელება ორი მიზეზის გამო სურს: პირველი - მიიღოს კარგი ფეხბურთელი, რომელსაც კარგად იცნობს; მეორე - ამ სვლით დიდი არეულობა და პრობლემები შეუქმნას ბარსელონას
თავად მარკუს რაშფორდი კამპ ნოუზე დარჩენის სურვილს ღიად გამოხატავს და აცხადებს, რომ ბარსელონაში თამაში მისთვის დიდი პატივია: „ჯადოქარი არ ვარ, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დავრჩებოდი. აქ მოსაგებად მოვედი. ეს საოცარი გუნდია და მომავალში ბევრ რამეს მოიგებს, ამის ნაწილი ყოფნა კი განსაკუთრებული იქნებოდა.“
ქვიზების ლიგა დაიწყო!
სატრანსფერო ომი სულ უფრო მწვავდება. ბარსელონამ სასწრაფოდ უნდა გამონახოს ფინანსები ჰანსი ფლიკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატალონიელთა გაჭიანურებული მოლაპარაკებებით მადრიდის რეალი ისარგებლებს და წლის ყველაზე სკანდალურ ტრანსფერს დახურავს.
სიახლე ეყრდნობა ბრიტანულ The Independent-ს, რომელიც სატრანსფერო ჭორების რეიტინგში საშუალო სანდოობის (Tier 3) წყაროდ მიიჩნევა.