მადრიდის რეალში ვითარება სერიოზულად იძაბება. კიდევ ერთი უტიტულო და იმედგაცრუებით სავსე სეზონის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობაში გაჩნდა აზრი, რომ კილიან მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორის ერთ გუნდში თანაარსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.
L'Equipe-ის ინფორმაციით, ბორდის გარკვეული წევრები ერთ-ერთი ვარსკვლავის გაყიდვის იდეას აყენებენ.
მთავარი პრობლემა არა მხოლოდ მოედანზე შეუთამაშებლობა, არამედ გასახდელში შექმნილი ატმოსფეროა. მბაპე საზოგადოებრივი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ალვარო არბელოას მიმართ საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება.
ფეხბურთელების დიდი ნაწილი ფრანგს ზედმეტად ინდივიდუალისტად მიიჩნევს და მის მიმართ გასახდელში გაუცხოება იზრდება. ამის საპირისპიროდ, ვინისიუსს გუნდში გაცილებით ძლიერი მხარდაჭერა აქვს. თანაგუნდელები მას ემოციურ ლიდერად და კრიზისულ მომენტებში გუნდის გამაერთიანებლად ხედავენ. ხელმძღვანელობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პარტნიორობა ამ ორ წელში უბრალოდ ვერ შედგა.
მიუხედავად შიდა დაპირისპირებისა და კლუბის მაღალჩინოსნების ზეწოლისა, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ აპირებს საკუთარ სუპერპროექტზე უარის თქმას. პერესისთვის როგორც მბაპე, ისე ვინისიუსი ხელშეუხებელი ფიგურები არიან. შესაბამისად, ამ ზაფხულს რომელიმეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.
მადრიდელთა უმთავრესი ამოცანა ახლა ისეთი ტაქტიკური სტრუქტურის პოვნაა, რომელიც ორ ვარსკვლავს მოედანზე ერთად ეფექტურად თამაშის საშუალებას მისცემს, თუმცა ამ ბალანსის პოვნამდე გუნდი ჯერ ძალიან შორს არის.