თელავში მიმდინარე ხელბურთის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა.
დიდ ბრიტანეთთან მოგების შემდეგ, შოთა თევზაძის გუნდმა ბულგარეთის ნაკრებს უფრო რთულად, 3-ბურთიანი სხვაობით მოუგო - 35:32.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ნიკოლოზ მამულაშვილი, რომელმაც 14 გოლი გაიტანა, 5-5 გოლი გიორგი კაპანაძემ, ვახტანგ ხარებაშვილმა და ვანო გურგენიძემ შეაგდეს, 2-2-ჯერ თავი დემეტრე თორიამ და ნიკოლოზ ბიბლაიამ გამოიჩინეს, ხოლო თითო-თითო გოლი ნიკოლოზ ნარიმანიძისა და საბა ბუიღლიშვილის ანგარიშზეა.
"დღეს ძირითადის ორი მოთამაშე გვაკლდა - მეკარე და დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რამაც თამაშზე გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, ორი გამთამაშებელი ორწუთიანებით გაგვიგდეს, თუმცა მობილიზება მაინც შევძელით. მეკარეებმაც მნიშვნელოვანი მოგერიებები შეასრულეს და სასურველ შედეგამდე მივედით.
მთავარია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ყველამ კარგად იცის, რამდენად ემოციურია საკუთარ მოედანზე თამაში. მინდა, ჩემს ბიჭებს ეს გამარჯვება მივულოცო", - აღნიშნა მატჩის შემდეგ შოთა თევზაძემ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ტურნირზე 2-დან 2 მოგება აქვს, შემდეგ მატჩს კი კვიპროსის წინააღმდეგ, 5 აგვისტოს ჩაატარებს.