საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება მიმდინარეობს.
ეროვნული ლიგის განახლებას სამსაჯო დეპარტამენტი ცვლილებებით ხვდება - ჯუნეტ ჩაქირს, რომელიც აღნიშნულ დეპარტამენტს 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, კონტრაქტის ვადა ამოეწურა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მას შეცვლის დავით ხარიტონაშვილი, რომელიც მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეკრების დაწყებამდე მსაჯებს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიმართა, წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ჯუნეტ ჩაქირს, 3 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და ქართული მსაჯობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მსაჯთა ტრადიციული შეკრება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილისგან შედგება. მონაწილეები ეცნობიან თამაშის წესებში შეტანილ უახლეს ცვლილებებს, განიხილავენ განსხვავებული ტიპის სათამაშო ეპიზოდებს და მონაწილეობენ VAR-ის სიმულაციებში. ეროვნული ლიგა 7 აგვისტოს განახლდება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია