იბერიასთან ხეტაფეს მარცხს ესპანური გამოცემა AS მკაცრად გამოეხმაურა.
მატჩის შემდეგ გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „ხეტაფე: სირცხვილი საზღვრებს გარეშე“.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ ესპანური გუნდი უეფას რეიტინგში 244-ე ადგილზე მყოფ მეტოქესთან დამარცხდა. მისი შეფასებით, ხეტაფესთვის მტკივნეული მხოლოდ შედეგი არ ყოფილა - იმედგაცრუება გუნდმა თამაშითაც გამოიწვია.
„კონფერენსლიგის პირველ სამ ტურში წარუმატებლობების შემდეგ ხეტაფემ 5,163 კილომეტრი გაიარა, რათა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გაეოცებინა. ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიჩნეულმა იბერიამ ესპანური გუნდი შეარცხვინა“, - წერს AS.
გამოცემა განსაკუთრებით გიორგი ჯინჯოლავას გამოარჩევს და მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებს. ავტორი მკითხველს ახსენებს, რომ იბერიას მცველს ესპანეთში ფუნდასიონ ბენიდორმსა და კადისის მეორე გუნდში უთამაშია.
მატჩის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ხეტაფეს კარგი დასაწყისი აღარ გაუგრძელებია. იბერიამ ჯერ ლუკას კაფეს დარტყმით შექმნა საფრთხე, შემდეგ კი თავისი შესაძლებლობა გოლად აქცია. შესვენებაზე ხოსე ბორდალასმა სამი ცვლილება გააკეთა, თუმცა მეორე გოლთან ახლოს კვლავ თბილისელები იყვნენ.
AS ცალკე გამოყოფს ორელ მანგალას ეპიზოდსაც: შესვენებაზე მოედანზე შესულმა ფეხბურთელმა სამი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხეტაფე ათი კაცით დატოვა.
გამოცემის შეფასებით, ესპანელებს ახლა საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლა რჩებათ, მათი ბედი კი ინტერ ესკალდესთან და აიაქსთან შეხვედრებში გადაწყდება.