იბერია 1999-ის ნახევარმცველმა, ნიკა დადიანმა ესპანურ ხეტაფესთან გამარჯვების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან შეფასებები გააკეთა.
"გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან უდიდესი ძალა და ენერგია მოგვცეს. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რაშიც მათ დიდი წვლილი აქვთ.
ბევრს ეგონა, რომ ხეტაფეს დონის გუნდთან შანსი არ გვექნებოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო და ერთმანეთსაც ამას ვეუბნებოდით. ეს ყველაფერი შემდეგ მოედანზე დავამტკიცეთ და ევროპაში ჩვენი სიტყვა ვთქვით.
უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვებაა, მაგრამ კმაყოფილებისა და ეიფორიის დრო არაა, კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგი მატჩებისთვის მოვემზადოთ", - თქვა დადიანმა.
იბერია 1999 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოიგო.
ლევან კორღალიძის შეგირდებს კონფერენს ლიგის 4 ტურში 4 ქულა აქვთ და პლეი-ოფში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებენ.
დედაქალაქელები კონფერენს ლიგის მე-5 ტურში, 10 დეკემბერს, ჩეხურ იაბლონეცთან სტუმრად ითამაშებენ, ხოლო 17 დეკემბერს სერბულ ცრვენა ზვეზდას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღებენ.