იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ხეტაფესთან კონფერენსლიგის მატჩის შემდეგ გუნდის თამაში შეაფასა.
„გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. დღეს ისევ გამოჩნდა, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას. მადლობა მედიასაც გულწრფელი თანადგომისთვის - იბერიამ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი მოიპოვა.
საგოლე ეპიზოდზე წინასწარ ბევრი ვიმუშავეთ და ვისაუბრეთ. მიხარია, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შევძელით და მეტოქის სწორად გაანალიზებამ შედეგი მოგვიტანა. ყველაფერი არ გამოგვივიდა, თუმცა მომზადება ჩვენი თამაშის ხარისხსაც დაეტყო.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ძირითად ეტაპზე პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამჯერად მხოლოდ კარგი თამაშით არ დავკმაყოფილდით - მოვიგეთ კიდეც, დაირღვა ის სტერეოტიპი, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ.
ეროვნულ ლიგაშიც ყოფილა შემთხვევები, როცა დაწინაურების შემდეგ მთელი ყურადღება უპირატესობის შენარჩუნებაზე გადაგვიტანია.
დღესაც მეტოქე გვაწვებოდა, თუმცა უკან დახევა ჩემი მითითება არ ყოფილა. უფრო გაბედულად ვითამაშეთ და შეტევასაც მეტ დროს ვუთმობდით.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გატანილი გოლის შემდეგაც მაღალ პრესინგს ვაგრძელებდით“, - განაცხადა კორღალიძემ.
იბერია მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს თბილისში, ცრვენა ზვეზდასთან გამართავს.